ახალი ამბები
საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა
პენტაგონის პრესსპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ეწვევა. განცხადების მიხედვით, საქართველო აშშ-სა და ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე პარტნიორია. საქართველოში ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში, ნატო-ს უელსის სამიტის შემდეგ შედგება. ადმირალ კირბის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში აშშ-ის ღირებული პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი სურვილი აქვს ქართველ ხალხს მათ მიერ შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადოს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივნის დღის წესრიგში ძირითადი თემა იქნება. ინფორმაციას ჩაკ ჰეიგელის საქართველოში ვიზიტისა და ჯონ კირბის განცხადებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Print