ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი – საპარლამენტო არჩევნებში ჩემს გუნდს კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა თითოეული ხმისათვის
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩემს გუნდს კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა თითოეული ხმისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დემოკრატიული არჩევნების ტრადიციის გაგრძელება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი წინსვლისათვის. "ის, რომ ჩემი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში 2012 წლის მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არ არის საკმარისი. ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ნებისმიერი შემდგომი არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა. საბედნიეროდ, ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები მოწონებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უკანასკნელმა არჩევნებმა გზა გაუხსნა უფრო მეტი ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ეს ტენდენცია გააძლიერებს დემოკრატიას და ურთიერთობებს ხელისუფლებასა და ხალხს შორის", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოში გაყალბებული არჩევნების ეპოქა ისტორიას ჩაბარდა. "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩემს გუნდს კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა თითოეული ხმისათვის. შეიძლება ხსენებული ნაბიჯებით საქმე გავირთულეთ კიდეც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელი იყო", - დასძინა პრემიერმა.
Print