ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - უელსის სამიტის შემდეგ ნატოსკენ საქართველოს მიმავალი გზა უფრო უკეთესი იქნება
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უელსის სამიტზე უაღრესად წელში გამართული მიდის. როგორც პრეზიდენტმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამო იმედოვნებს, რომ უელსის სამიტის შემდეგ როგორც რეგიონის უსაფრთხოება, ისე საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა უფრო უკეთესი იქნება. "ჩვენ მივდივართ ორი მნიშვნელოვანი მიზნისთვის. პირველი – უელსის სამიტი იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და რეგიონის უსაფრთხოების გაღრმავების სამიტი და ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, რეგიონსა და ხალხს უფრო დაცულ და სტაბილურ გარემოს შეუქმნის და მეორე - მივდივართ იმისთვის, რომ სამიტი იყოს საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე ასევე სერიოზული და პოზიტიური კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა ვთქვა, რომ ამ ვიზიტში ქართული მხარე ვართ უაღრესად წელში გამართული, რადგან პოზიციას გვიმაგრებს ის პოზიტიური რეფორმები, რაც განხორციელდა ჩვენს ჯარში, ზურგს გვიმაგრებს ის მრავალი მისია, რომელშიც ვმონაწილეობდით და რომელშიც ქვეყანა დაფიქსირდა, როგორც ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სერიოზული იმედი და ამბიცია, რომ უელსის სამიტის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოება, ისე, როგორც საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა იქნება უკეთესი და უფრო პროდუქტიული", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში არაერთი პირისპირ შეხვედრაცაა დაგეგმილი, მათ შორის გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტთან.
Print