ახალი ამბები
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო. ნატო-ს სამიტამდე ქვეყნის პირველი პირი შეხვედრებს ლონდონში გამართავს. იგი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე "საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით". გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. ამავე დღეს იგეგმება ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან. 4-5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი უელსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი დაესწრება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში (ISAF) მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ასევე ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვნელი ლევან დოლიძე და სხვები, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტთან ერთად სამიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებიც ორმხრივ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან გამართავენ.
Print