ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი დღეს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ლიდერებისთვის დახურული მიღება გაიმართება. მიღების დასრულებისთანავე მსოფლიო ლიდერები სიტყვით გამოვლენ, რომელთა შორისაც გიორგი მარგველაშვილიც იქნება. განცხადებების შემდეგ ლიდერები ერთობლივ ფოტოსაც გადაიღებენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმზე გამოვა, გიორგი მარგველაშვილი კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. ანდერს ფოგ რასუსენთან აუდიენციის შემდეგ, ოფიციალური პროგრამით დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის, უკრაინის და ჩეხეთის პრეზიდენტებთან, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან – ჰერმან ვარ რომპეისა და ჟოზე მანუელ ბაროზოსთან. გარდა ამისა, დღეს ავღანეთის ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილის პარალელურად ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ ქართული დელეგაციის წევრი მინისტრები. უფრო კონკრეტულად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების, მათ შორს უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება, ასევე ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვა; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების მინისტრებთან, გარდა ამისა, ბრიტანელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას. დღესვე, თბილისის დროით 19:15 საათზე, გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ამის შემდეგ ნატო-უკრაინის სხდომა დაიწყება. დღის ბოლოს რასმუსენი-პოროშენკო ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
Print