ახალი ამბები
ირაკლი ალასანია - ნატო-საქართველოს პაკეტი ალიანსის წევრებთან პრაქტიკულად შეთანხმებულია
ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა უელსის სამიტის გახსნამდე გაიმართა და მას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი. "ნატო-საქართველოს პაკეტი რომელიც შემუშავებულია, გვითხრეს, რომ პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნილი იქნება ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად გაუწევს შემუშავებული პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარებას კონტროლს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოსთვის, ნატო თანხმდება თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს. საქართველოს ჰქონდეს ის საშუალებები, რომ თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში. ასევე გვითხრეს, რომ საქართველო გადადის ახალ ლიგაში", - განაცხადა ალასანიამ.
Print