ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროში ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური მიღების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ოფიციალური მიღების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ეზოში ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყო ამერიკული დელეგაციის შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ გენშტაბის შენობაში 11:10 საათზე ჩაკ ჰეიგელი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენელი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.
Print