ახალი ამბები
ჩაკ ჰეგელი - საქართველოსთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო
უელსის სამიტის შემდეგ განსაკუთრებით დასაფასებელია თბილისში დაბრუნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების თვალსაზრისით. ჰეიგელმა თავდაცვის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებაზეც ისაუბრა. "დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის, ჩვენი პარტნიორობის წინაშე და მეგობრობისთვის, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს მუდამ თბილი დახვედრისთვის. როდესაც სენატში ვმუშაობდი მქონდა შესაძლებლობა საქართველოში რამდენჯერმე ჩამოსვლის. ყოველთვის ვაფასებდი მასპინძლობას და იმ სითბოს, რომელსაც ვგრძნობდი. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი. განსაკუთრებით ვაფასებ თბილისში ჩამოსვლას უშუალოდ ნატო-ს სამიტის შემდეგ, სადაც მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რათა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა. მისი თქმით, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს მჭიდრო პარტნიორობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში. "ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ უფრო მჭიდრო და მტკიცე კავშირი გავაგრძელოთ მომავალში თავდაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთის ასეთ დაუფარავ აგრესიას აქვს ადგილი უკრაინაში", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.
Print