ახალი ამბები
თბილისის მერია სარეკლამო კომპანია "აუთდორ. ჯი"-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სწავლობს
თბილისის მერია გარე რეკლამების კომპანია "აუთდორ. ჯი"-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სწავლობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია აცხადებს. მისი შეფასებით, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარე რეკლამასთან, ამ კომპანიასთან არის თავმოყრილი. "ჩვენ ვსწავლობთ კომპანია "აუთდორ.ჯი"-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ოლიგოპოლისტი, რომელსაც შესაძლოა, მონოპოლისტი ეწოდოს, რადგან ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარე რეკლამასთან, მასთან არის თავმოყრილი", - აცხადებს ნარმანია. თბილისის მერის განმარტებით, მომავალ პარასკევს დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებსაც მოუსმენს. "ადამიანები, რომლებიც მერიაში ისხდნენ და ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რატომ გრძნობდნენ თავს ამ კომპანიების ქვეშევრდომებად? პოლიტიკა ქალაქმა უნდა განსაზღვროს, ის თავის ნორმებს უნდა უწესებდეს ბიზნესს და არ უნდა იქცეს ცალკეული კომპანიების ფილიალების მსგავს წარმონაქმნად. რომ არა ფინანსური ინტერესი, ეს ადამიანები ასეთ პირობებს არ დათანხმდებოდნენ. მომდევნო პარასკევს მერიაში მათაც მოვუსმენთ. გარე რეკლამის რეგულარიცია ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებაა და არა – რომელიმე ერთი კომპანიის. ქალაქი ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და ეს ფული ერთი კომპანიის ჯიბეში ილექება. ამ კომპანიის გადახდილი გადასახადები იმაზე მცირეა, ვიდრე გონივრული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ქალაქი მიიღებდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქალაქში ამ თვალსაზრისით კონკურენცია აღვადგინოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
Print