ახალი ამბები
თედო ჯაფარიძე - ირანში ძალიან რთული ვიზიტი გვქონდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ირანში ძალიან საინტერესო და ძალიან რთული ვიზიტი ჰქონდა, - ამის შესახებ გუშინ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განაცხადა. ირანში თედო ჯაფარიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიაწოდეს. როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, ირანის რესპუბლიკაში, სადაც ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, მომზადებული ჩავიდნენ, მაგრამ ირანული მხარე დაინტერესდა კონკრეტული იდეებით, კონკრეტული ეკონომიკური წინადადებებით, მოსაზრებებითა და პროექტებით. "მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებული. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფთხოებას და ასე შემდეგ", - განაცხადა ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე. ჯაფარიძის ცნობით, ირანის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ურთიერთობებს რუსეთთან. მისივე თქმით, "იყო რთული და ხისტი შეხვედრა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან". "შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე – რაც არ ვიცოდი, ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს", – განაცხადა ჯაფარიძემ.
Print