ახალი ამბები
ღარიბაშვილი: 2015 წლიდან გაიზრდება პედაგოგის ხელფასი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს."ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ განათლების სისტემაში არსებული და ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტი ძალისხმევით. ჩვენ შევიმუშავეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განათლების სფეროში, იმისთვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია შევძლოთ. ჩვენ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი",- განაცხადა ღარიბაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის თქმითვე 2015 წლიდან პედაგოგების ხელფასები მზარდი იქნება. "გპირდებით რომ თქვენი საქმიანობა იქნება სათანადოდ დაფასებული. 2015 ცლიდან დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფა და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. ნოემბრიდან უფრო კონკრეტული სქემა და ინვესტიციების ოდენობა გვეცოდინება. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში. ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული და მხოლოდ მის მიღწევებზე და ეს გაზრდის მათ მოტივაციას"- განაცხადა პრემეირ-მინისტრმა.
Print