ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად "ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას" მიიჩნევს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ ის, რაც ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდა, მისთვის "ძალიან სტრესული" იყო. "ჩემს წინა გამოსვლებში მე ყოველთვის აღვნიშნავდი იმ გადაცდომებს, რაც მთავრობაში იყო და მათზე ვაკეთებდი რეაქციას. იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება უკვე კარგად ერკვევა და სრულფასოვანი კონტროლი მიდის, თუმცა კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო და ამას საზოგადოება ახერხებს ძალიან კარგად. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას და ის, რაც მოხდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და არ მომეწონა. ყველაზე სერიოზულ გადაცდომად მე ამას ვთვლი და საზოგადოებაშიც, მე მგონი, ეს თემა დარჩა", - აცხადებს ივანიშვილი. რაც შეეხება ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას, ყოფილი პრემიერის შეფასებით, "მთავრობა ეფექტურია და განსაკუთრებით ეფექტურია პრემიერ-მინისტრი".
Print