ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთში რელიგიურ საკითხებზე ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს
საქართველოსა და თურქეთში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს. საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეჰმედ გორმეზს გუშინ შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელიც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა. ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საპატრიარქოში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზიმ მიმართეს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ყველა იმედით უყურებს მათ ურთიერთობას. "ძალიან კარგი გამოხმაურება არის თქვენს ვიზიტზე. ყველა იმედით უყურებს ჩვენს ურთიერთობას და ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს იმედები. ორივე მხარის დელეგაციებმა შეადგინეს ერთობლივი განცხადება, რომელიც თურქულად და ქართულად და გამოქვეყნდება პრესაში", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე მეუფეებს სამდღიანი მასპინძლობისთვის. მან გაიხსენა მაისში პატრიარქის თურქეთში ვიზიტი და ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ამაში სასულიერო პირებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. "მეც მჯერა, რომ ჩვენ გავამართლებთ მათ იმედებს, ვინც იმედის თვალით უყურებს ჩვენს ვიზიტებს", - აღნიშნა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამასთან, თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას, თურქეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებთ. განცხადების თანახმად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს. სულ უფრო ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო-ეკონომიკური და კულტურულ სფეროში. სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტების განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე ურთიერთობები ღრმავდება რელიგიურ საკითხებთან მიმართებაშიც.
Print