ახალი ამბები
არჩილ ხაბაძე - მურმან დუმბაძისა და მისი გუნდის საეჭვო გააქტიურება ყოფილი "ნაცმოძრაობის" წევრების განცხადებებს ემთხვევა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მტკიცებით, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართულ ოცნებას" პრეტენზია მხოლოდ ერთ მინისტრთან აქვს. როგორც ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მისგან მინისტრ დავით ბალაძის გადაყენებას მოითხოვენ, სანაცვლოდ კი პირობას დებენ, რომ მთავრობის დანარჩენ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. ხაბაძის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენეს. "შეხვედრისას მომთხოვეს დამეთხოვა მთავრობა და გადამეყენებინა მინისტრები. პრეტენზია უკავშირდება მხოლოდ ერთ მინისტრს - დავით ბალაძეს. მითხრეს, რომ მისი გადაყენების შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებდნენ მთავრობას. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთადაც ვაკეთებთ საქმეს, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოგვდის. თუ რომელიმე აღმოჩნდება სუსტი რგოლი, გავათავისუფლებთ და მათ ადგილას სხვები დაინიშნებიან. მინისტრები მათ შორის არ მოიაზრება", - განაცხადა ხაბაძემ. მისი შეფასებით, უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობას შორის არსებული ურთიერთობა "მურმან დუმბაძის კლანის ახირება და პირადი ინტერესია". "ამ ახირებაზე მათთვის სასარგებლო გადაწყეტილებას ვერ მივიღებთ. პოლიტსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თვითნებური თამაში და შესაბამისად, დღეს ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კურსს. კონკრეტული ძალები "ნაცმოძრაობის წევრები" მართავენ ამ სიტუაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას ადასტურებს მურმან დუმბაძისა და მისი გუნდის წევრების ქმედებები და საეჭვო გააქტიურება, რაც ემთხვევა ქვეყნის გარედან, ყოფილი "ნაცმოძრაობის" წევრების გადაადგილებებს და განცხადებებს," – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
Print