ახალი ამბები
პოროშენკო - უკრაინა და ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას სინქრონულად განახორციელებენ
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია "პირველივე წუთებიდან დაიწყება", მისი რატიფიკაციის შემდეგ , რომელიც 16 სექტემბერს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე განხორციელდება. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლესი რადას ფრაქციისა და ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. პოროშენკოს თქმით, რატიფიკაცია კიევსა და ევროპარლამენტში ერთდროულად, სინქრონულად დაიწყება. მისივე განმარტებით, ასოცირების შესახებ მთლიანი შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. "არც ერთი წერტილი, მძიმე და სიტყვა არ შეცვლილა 27 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტში", - განაცხადა პოროშენკომ. მისი განმარტებით, შეთანხმების იმპლემენტაცია - ეს არის კანონის უზენაესობაც, სიტყვის თავისუფლებაც, ანტიკორუფციული ნაბიჯები და რეფორმები. პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადაში გუშინ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტი შეიტანა.
Print