ახალი ამბები
არსებული ინფორმაციით, გაერო-ს გენმდივანმა მარგველაშვილის სახელზე მიწვევა თებერვალში გამოაგზავნა
კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მიწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს, რომელიც, მათ გამოითხოვეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაეროში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრებოდა.
Print