ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გრძელდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდება. საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გუშინ გაემგზავრა.
Print