ახალი ამბები
პატრული გენინსპექციის თანამშრომელმა მეგობრის გაჩერებისთვის სამსახურიოდან გაათავისუფლა
არასამთავრობო ორგანიზაციები პატრულ-ინსპექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საზოგადოებრივი დამცველი შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ. ცენტრის ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი იოსებ აბულაძე სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერჯერობით არ ჩაბარებია. "იოსებ აბულაძე რამდენიმე წელია, მუშაობს შსს-ს ორგანოებში, არის გამოცდილი და კეთილსინდისიერი ინსპექტორი. მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ არაერთხელ ყოფილა გამოყენებული წამახალისებელი ღონისძიებები. იოსებ აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება 19 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც პატრული-ინსპექტორი ღამის საათებში მეტეხის ხიდთან ე. წ. გადაკეტვაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს გააჩერა BMW-ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლი გადაკეტილ ქუჩაზე ცდილობდა მანქანით შესვლას. მოქალაქემ მიმართა პატრულ ინსპექტორს აგდებული ტონით, რაზეც პატრულისგან მიიღო შენიშვნა. აღნიშნული მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს მაღალჩინოსნის, კერძოდ - გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის ერეკლე ჭოხონელიძის მეგობარი, რომელიც შარდენის ქუჩაზე იმავე სუფრასთან ქეიფობდა, სადაც მიდიოდა გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა იოსებ აბულაძე სამინისტროში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც მას გამოუცხადეს სასტიკი საყვედური. იოსებ აბულაძემ თავისი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ შემთხვევაზე. ამის შემდეგ პატრულ-ინსპექტორის წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ხოლო 17 სექტემბერს იგი დაიბარეს შსს-ში და განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.
Print