ახალი ამბები
ქართველი ჟურნალისტები მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქსაც შეხვდებიან
ქართველი ჟურნალისტები პრეს-ტურის ფარგლებში მოსკოვს ესტუმრებიან. პრეს-ტურის ორგანიზატორი „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და „ი.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდამჭერი ფონდია“. პროექტის კოორდინატორი ნატა წერეთელი არ აკონკრეტებს იმ ჟურნალისტების ვინაობას, რომლებიც მოსკოვში გაემგზავრებიან. "22 სექტემბერს შეხვედრებია დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან. პრესკონფერენცია იქნება რუსეთის პატრიარქის და იქაცაა დაგეგმილი შეხვედრა,"- განაცხადა ნატა წერეთელმა. მისივე თქმით, 14-კაციანი სია მათ მიერ წარმოდგენილი CV-ების საფუძველზე შეირჩა, ხოლო ორგანიზატორებმა სამუშაო გამოცდილება და ენის ცოდნა გაითვალისწინეს შერჩევისას. "ყველა მედია პლატფორმის წარმომადგენელია სიაში, ბეჭდური მედია, სააგენტოები და ტელევიზია. დაახლოებით 50-მდე განაცხადი შემოვიდა, ძალიან მაღალ დონეზე იქნება შეხვედრები, მაგრამ ვერ დაგიკონკრეტებთ ზუსტად ვის შეხვდებიან, პროგრამა გაწერილია, მაგრამ ამ წუთებშიც ზუსტდება. ქართველ ჟურნალისტებს მაქსიმალური საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ", - ამბობს ნატა წერეთელი. ჟურნალისტების ვიზიტი მოსკოვში 27 სექტემბერს დასრულდება.
Print