ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ტურისტულ სტატუსს სამუშაო ვიზაში ცვლის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ტურისტულ სტატუსს სამუშაო ვიზაში ცვლის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა New York Times-ს განუცხადა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მემუარებს წერს, კითხულობს კარგად ანაზღაურებად ლექციებს, მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებაში და ხვდება თავის ძველ ნაცნობებს ისეთებს, როგორებიც არიან სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი. "ამბობს, რომ ტურისტული სტატუსის აშშ-ში სამუშაო ვიზის გადაცვლის პროცესშია, მანამდე კი თავისი ახალი სამშობლოს ბარებითა და კაფეებით ტკბება. სახლის ვერანდაზე კი, რომელსაც საუცხოო ხედი აქვს მანჰეტენზე, მხიარულად ატარებდა დროს დევიდ პეტრეუსთან, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ დირექტორთან, თვის ბოლოს კი სტუმრად ელის საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის", - აღნიშნავს სტატიის ავტორი ჯეისონ ჰოროვიცი. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ბიძის სახლში ცხოვრობს, რომელიც ნიუ იორკში, უილიამსბურგში მდებარეობს. "უოლიამსბურგი დემოკრატიული ტრანსფორმაციის ნაწილია. თუ ადრე აქ მაფია იყო, ახლა "ჯაზური ატმოსფეროა", აქაურობა ენერგიითა და ახალი მშენებლობებით არის სავსე", - ციტირებს გამოცემა მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ ბევრი რამ დემოკრატიული მშენებლობის ჭრილში დაინახოს. მაგალითად, ის მოდურ კაფე "მოგადორს" თავის საყვარელ კაფეს უწოდებს, რადგან ძალიან დემოკრატიულია. "და ვიდრე ის უილიამსბურგში ცხოვრების სიძვირეზე წუწუნებს, თუმცა კი ამბობს, რომ ღარიბი არ არის, მაგრამ ფასები მართლაც იკბინება, თავისუფალი ინიციატივების ჩემპიონი თავისი ახალი მეზობლების სოციალურ მობილურობას აღმერთებს", - წერს სტატიის ავტორი. ამერიკულ გამოცემაშია აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივ, ყოფილი პრეზიდენტი მეტროთი მიდის მანჰეტენში, სადაც ხშირად სტუმრობს ქართულ რესტორნებს "ოდა ჰაუზს" და "პეპელას", უკვეთავს ქართულ საფერავს, ცოტა ხნის წინ კი ბილ კლინტონთან ერთად ისადილა. სტატიის ავტორი წერს, რომ აგვისტოში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა საბიუჯეტო თანხების ფალანგვაში, მათ შორის იყო პერსონალური სტილისტის სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება, ბოტოქსის ხარჯები, იტალიაში იახტის დაქირავება და ლონდონელი მხატვრის, მერედიტ ოსტრომის ნამუშევრების შეძენა. ავტორის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმტკიცება, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. InterPressNews.Ge "ბატონ სააკაშვილს ასევე ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო ხარჯების გამოყენებაში მასაჟისტის, დოროთი შტეინის საქართველშო ვიზიტისთვის 2009 წელს. თავად ბატონი სააკაშვილი ამბობს, რომ დოროთი შტეინის მასაჟით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა, თუმცა ქალბატონი შტეინი აცხადებს, რომ 2 ათასი ევრო მიიღო სააკაშვილისთვის მასაჟების ჩატარებისთვის, მათ შორის "კბენითი მასაჟის" სეანსებისთვის", - წერს სტატიის ავტორი. გამოცემა ციტირებს დოროთი შტეინის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ უამრავი საჩუქარი მიიღო მიხეილ სააკაშვილისგან - "მითხრა, რომ მისი ცოლი არ იყო წინააღმდეგი. ასევე მაჩუქებინა ოქროს ყელსაბამი რელიგიური გულსაკიდით, თუმცა ჩემი ღმერთი ფრენკ ზაპაა და ამ ყელსაბამის ტარებას არ ვაპირებ" ამასთან, როგორც გამოცემაშია აღნიშნული, თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ ის პოლიტიკური "კუდიანებზე ნადირობის" სამიზნეა.
Print