ახალი ამბები
ბათუმში ისევ წვიმს და გამოცხადებულია საგანგებო სიტუაცია
წუხელ და დღეს ძლიერმა წვიმა ბათუმის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ბათუმში წუხელ მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, რის შედეგადაც დატბორილია ავტოსადგურის ტერიტორია, მაიაკოვსკის, სულაბერიძის, თავდადებულის, ბაგრატიონის ქუჩები, ასევე მთლიანად პარალიზებულია ე.წ "ჭაობის" დასახლება, სადაც თითქმის ყველა სახლში შევარდა წყალი. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით: დაზიანდა ძირითადად საოჯახო ავეჯი, ელექტროტექნიკა და ავტომობილები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მაშველებმა შეძლეს ურეხის დასახლებაში მეწყერის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ამოყვანა, რომელიც ქვედა კიდურების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წუხელ სამაშველო სამსახურში 60 გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა მამუკა თურმანიძის განცხადებით, მხოლოდ 40 გამოძახებაზე მოხაერხეს რეაგირება, დანარჩენზე კი ფიზიკურად ვერ შეძლეს. სამაშველო ღონისძებებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს სამაშველო ქვედანაყოფებიც. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში ისევ წვიმს და გამოძახებები გრძელდება. გამოცხადებულია საგანგებო სიტუაცია, რის გამოც სამსახურში გამოიძახეს ყველა თანამშრომელი. ,,სანაპიროზე დაფიქსირდა 4- და 5-ბალიანი შტორმი, თუმცა მას აჭარის სანაპირო ზოლისთვის ზიანი არ მიუყენებია, მთელი ღამის განმავლობაში 10 წუთით არ გადაუღია წვიმას. ბათუმში ახლაც წვიმს და ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ“, _ განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
Print