ახალი ამბები
პატრიარქმა და მრევლმა ღვთისშობლისადმი ერთობლივი ლოცვა შეასრულა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და მრევლმა ღვითისმშობლისადმი ერთობლივი ლოცვა შეასრულა. პატრიარქმა და მრევლმა ეს ლოცვა ზუსტად 12:00 საათზე მუხლებზე დაჩოქილებმა აღავლინეს. პატრიარქის კურთხევა იყო, რომ დღეს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოში ღვთისმშობლისადმი ერთობლივი ლოცვა შესრულებულიყო. "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!", - ღვთისმშობლისადმი ეს ლოცვა მრევლმა პატრიარქთან ერთად სამჯერ წარმოთქვა. უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ლოცვის შესრულებამდე ბრძანა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მთელი ქართველი ერი ერთად აღავლენს ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. "დღეს განსაკუთრებული დღეა, მთელი ქართველი ერი ერთითა გულითა და ერთითა სულითა აღავლენს ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ღვთისმშობლის წინაშე. დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ვიფიქროთ, ჩვენს სულზე და ჩვენს სამშობლოზე. ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ლოცვა სრულიად საქართველოსი", - ბრძანა პატრიარქმა.
Print