ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული მსჯავრდებული გალში გადასვლას ცდილობდა
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული მსჯავრდებული რუსლან სოსელია გალში გადასვლას ცდილობდა. ამ დროისთვის პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. მსჯავრდებული 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი. რუსლან სოსელიას მიმართ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.
Print