ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, გაეროს შტაბბინაში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) სიტყვით გამოვიდა. როგორც პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს სხდომა ტარდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო მთელი რიგი კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. "ეს გვავალდებულებს ახალი ენერგიითა და ძალისხმევით შევუდგეთ მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) დღის წესრიგის განხორციელებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის და ჩვენი 2015 წლის შემდგომი განვითარების პროგრამის განსაზღვრისათვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაშ ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ICPD-ის დღის წესრიგის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების განვითარება-ხელშეწყობის კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებუთ, დღესდღეობით მოსახლეობასთან დაკავშირებული პროგრამები და დღის წესრიგი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა, ხდება უფრო მეტი არასასურველი ორსულობის პრევენცია, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუმცა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. "ჩემი ქვეყანა მუშაობს მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვასა და მისი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. გასულ წელს ყველაზე მინიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით", - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს, ასევე აქვს ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დაცვასა და ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან დაცვაზე. მისი განცხადებით, ახლად დაარსებული სახელმწიფო და კერძო სექტორის მომცველი სოლიდარობის ფონდი მოახდენს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
Print