ახალი ამბები
აჭარაში 5 ბალამდე შტორმია
აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია. დილის 04:00 საათისთვის აჭარაში ამინდი გაუარესდა, წვიმს და ქარი გაძლიერდა. ამის შესახებ განაცხადა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ. როგორც მამუკა თურმანიძე აღნიშნავს, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, ქალაქის უბნების დატბორვასთან დაკავშირებით კი სამაშველო სამსახურში ჯერ შეტყობინება არ შესულა. "დაახლოებით, სამი საათია გადაუღებლად წვიმს. შტორმი მიუახლოვდა 5 ბალიან ნიშნულს. ძლიერი ქარის შედეგად ხელვაჩაურში, მაჭახელაში წაქცეულია ხე, ასევე, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე წაიქცა ხე და ქობულეთსა და ფიჭვნარში წაიქცა ხეები. სამაშველო სამსახურის მიერ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დატბორვებთან დაკავშირებით შეტყობინებები ჯერ არ შემოსულა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. მისივე განმარტებით, ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს. "კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გადის, მობილიზებულია ტრაქტორები, იმიტომ, რომ თუ შტორმი 5 ბალიან ნიშნულს გასცდება, ზღვა აუცილებლად ამოყრის ნატანს და ჩახერგავს გასასვლელებს. ტრაქტორები მობილიზებულია, რომ კოლექტორების გაწმენდა უზრუნველყონ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. მისივე თქმით, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი.
Print