ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაცია დაკავებულ მსაჯებთან გარიგებაში მყოფი პირების დასახელებას ითხოვს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაკავებულ მსაჯებთან გარიგებაში მყოფი პირების დასახელებას მოითხოვს. როგორც გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია დადგინეს, თუ ვინ მონაწილეობდა მსაჯებთან ერთად თამაშების გაყიდვაში. სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ფეხბურთელებიც იყვნენ.
"ეს არის კრიმინალი, ამას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსაჯებთან გარიგებაში მოქალაქეები შევიდნენ. საინტერესოა, ვინ არიან ეს მოქალაქეები და გვინდა, გავიგოთ ვინ არის მეორე მხარეს, ვის აწყობდა ამ თამაშების ჩაწყობა", - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.
მისივე თქმით, ის მსაჯები, რომლებიც დააკავეს, თამაშებს სჯიდნენ უმაღლეს ლიგაში, პირველ ლიგასა და რეგიონულ ლიგებში. სიჭინავას განცხადებით, მსაჯებს თითოეულ თამაშზე საკმაოდ მაღალ ხელფასს უხდიან, რაც არ აძლევს მათ საფუძველს, მსგავსი კორუფციული გარიგებების დადებისთვის. 
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ სქემის გამოაშკარავება ფეხბურთის ფედერაციასა და შსს-ს აქტიური თანამშრომლობით მოხდა. გამოძიების მასალებს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას აქვს, დღეს უკვე სფფ უეფას და ფიფას გადაუგზავნის. სიჭინავას თქმით, ჩაწყობილ თამაშებზე ფსონები აზიურ ტოტალიზატორებში კეთდებოდა.
Print