ახალი ამბები
ვახტანგ ხმალაძე - ფარული მოსმენა-მიყურადებისას ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა
ფარული მოსმენა-მიყურადებისას ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და საკითხი დამუშავდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ევროსაბჭოს ექსპერტებთან ჯოზეფ კანატაჩისთან და გრეჰემ სატონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. ხმალაძის აზრით, ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და მისი კანონში ასახვა დათქმულ დრომდე – 1-ელ ნოემბრამდე ვერ მოესწრება. "ორი გასაღების გამოყენება ცნობილი მეთოდია. ეს ბანკებში გამოიყენება, როცა საბანკო სეიფის ერთი გასაღები ბანკის თანამშრომელს აქვს, ხოლო მეორე - სეიფის მესაკუთრეს და ორივე გასაღები მხოლოდ ერთდროულად ტრიალდება. ეს არის გარანტია იმისა, რომ სისტემაში ფარული ჩართვა კანონის გვერდის ავლით არ განხორციელდეს. ისევე, როგორც, როცა გამოძიება იწყება და გამომძიებელს ვიღაცის ფარული მოსმენა სჭირდება, ის სხვა სისტემაში – სასამართლოში მიდის და მოსამართლის ნებართვას იღებს. ასევე, ეს ორი გასაღები სხვადასხვა უწყებაში უნდა იყოს, რათა სისტემაში არაკანონიერი შეღწევისგან დაცვის გარანტია გაიზარდოს. მსჯელობის დროს ორი გასაღების იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. საკითხი დამუშავდება, თუმცა დროში ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ტექნიკური კუთხით. ექსპეტებმა საუბრის და საკითხების განხილვის შემდეგ დაგვარწმუნეს, რომ პროცესი სწაფად ვერ დასრულდება და თვეები დასჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ. ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს – ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ.
Print