ახალი ამბები
თენგიზ შერგელაშვილი უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე - "მუნიციპალური კონსოლიდაცია ევროპაში: მუნიციპალიტეტთა გაერთიანებისა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული ტენდენციები და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები" სიტყვით გამოვიდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ 15-მდე ევროპული ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი ტენდენციების შესახებ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. "კონფერენცია მუნიციპალიტეტთა გაერთიანების საკითხით დაინტერესებული ქვეყნებისთვის გაიმართა. მსგავსი სახის შეხვედრებზე, ევროპის დემოკრატიისა და მმართველობის კომიტეტის (CDDG) გადაწყვეტილებით შექმნილი სახელმწიფოთა "ჯგუფის" წარმომადგენლები, ერთმანეთს ამ მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ. პროცესში ჩართულნი არიან ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიცაა: ესპანეთი, ავსტრია, პოლონეთი, ლატვია და სხვა", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე განმარტებით, კონფერენციის მიზანი, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან ერთად, მუნიციპალური კონსოლიდაციის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უკრაინის მთავრობისთვის დახმარების გაწევაა. კონფერენციაში მონაწილე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ორდღიანი მუშაობის შედეგად, უკრაინის მთავრობას წარუდგინეს ნათლად გაწერილ სახელმძღვანელო პრინციპები, მუნიციპალური კონსოლიდაციის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
Print