ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირმა ორდღიანი ვიზიტი უკვე შეაფასა და მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ასეთ ფორუმებში მონაწილეობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მსგავს ფორუმებზე გვეძლევა შეხვედრების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ასევე გვეძლევა შესაძლებლობა გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და წარმოვაჩინოთ ის პრიორიტეტული მხარეები, რომლებიც საქართველოს მათთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ასევე შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ყურადღება გავამახვილეთ იმ ტრანსნაციონალურ პროექტებზე, რომლებიც კასპიის ზღვის აუზიდან იწყება და გადადის შავი ზღვის აუზში. ასევე განვიხილეთ ქართული ეკონომიკის ლიბერალური და ღია სტანდარტები. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად მოგვცემს შედეგს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან; რომელიც უკვე არის ევროპული, ყველაზე ძლიერი ბაზრის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტამბულის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა. ის აია სოფიას ტაძარს, ლურჯ მეჩეთსა და ტოპკაპის სასახლეს ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა ტოპკაპის სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა და აია სოფიას მესვეურებისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.
Print