ახალი ამბები
თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველ ეტაპზე 37 პირი არ გამოცხადდა
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ატესტაციის პირველ ეტაპზე 37 პირი არ გამოცხადდა, ერთმა კი დააგვიანა. ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. ტესტირება ორ მიმართულებას მოიცავს – საქართველოს კანონმდებლობასა და ზოგად უნარებს. თითოეულ აპლიკანტს 60 დავალება აქვს მიცემული. კანონმდებლობის ნაწილი 45 დავალებისგან, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილი 15 დავალებისგან შედგება. ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ტესტირების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ტესტირების მიმდინარეობას აკვირდება თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტესტირება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ტარდება. ტესტი მოიცავს 45 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან და 15 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან. ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი შეადგენს 75%-ს, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა ადგილზე მომენტალურად შეეძლება. ტესტებში მოცემულია საკითხები, საქართველოს კონსტუტუციიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტიიდან, "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონიდან და უნარ-ჩვევებიდან. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს არ დააკმაყოფილებს ტესტირების შედეგი, მან უნდა მიმართოს სპეციალურად შექმნილ საპრეტენზიო კომისიას, რომელიც ტესტირების პროცესის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს.
Print