ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვენაში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს "ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების" გაერო-ს მეორე კონფერენციის მუშაობაში. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ამ ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანსფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. ქვეყნის პირველი პირი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება. გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას თემაზე: "ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად". ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარველაშვილის შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტთან კარლჰეინც კოპფთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ჟოზე გრაციანო და სილვასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან. ქვეყნის პირველი პირი ავსტრიული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
Print