ახალი ამბები
ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარედგინა
აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარული მდგომარეობა იყო. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: "საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს "ქართული კვების კომპანია", რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო. როგორც პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები და ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით", - აცხადებენ პროკურატურაში.
Print