ახალი ამბები
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოივლიან მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს და მათში მცხოვრები შინამეურნეობის ერთი ან რამდენიმე სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით, სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. გამოკითხვის დრო მერყეობს 40-60 წუთი. როგორც საქსტატში აღნიშნავენ, აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, აგროვებს ასევე ინფორმაციას შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კითხვარის მეშვეობით მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე. ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Print