ახალი ამბები
გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება უმრავლესობისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს
დღეს უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე. თანაგუნდელების მსგავსად დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, თუ დარჩება მის შემადგენლობაში. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ორი დღის წინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გედევან ფოფხაძე მათთან ერთად იმყოფებოდა და სხდომაც მათთან ერთად დატოვა. მისივე თქმით, ფოფხაძემ ამით თანაგუნდელების მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში დარჩენის შესახებ მისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს "თავისუფალი დემოკრატების" ორი წევრი - გია ჯაფარიძე და გელა სამხარაული. ამ ფონზე გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება შესაძლოა უმრავლესობის დაშლის ან შენარჩუნებისთავის გადამწყვეტი გახდეს, რადგან უმრავლესობაში ამჟამად 75 დეპუტატი რჩება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი 76-ია საჭირო. “ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ უმრავლესობა არ დაიშლება. უმრავლესობის დეპუტატთა ზუსტი რაოდენობა და „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.
Print