ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძეს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს
არსებული ინფორმაციით, დღეისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და, რომელზეც, სხვა თემებთან ერთად, ზურაბ აბაშიძის საკითხიც განიხილება. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გუშინ აცხადებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა რეგლამენტით განსაზღვრულია უმრავლესობის კვოტა ვიცე სპიკერის პოსტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს საკითხი ალბათ გადასაწყვეტია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტი დაირღვევა. "კომიტეტთან დაკავშირებით ეს საკითხი არ დამდგარა. ვნახოთ, თუ მუშაობის პროცესში არ აღმოჩნდა პრობლემა, აღმასრულებელ სტრუქტურასა და შესაბამის კომიტეტის ხელმძღვანელობას შორის ამ საკითხს ხელოვნურად არ დავსვამთ, მაგრამ თუ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ფიქრობს კომიტეტის ხელმძღვანელი, მთავრობის შესაბამისი სამინისტრო, მაშინ ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება", - განაცხადა დავით საგანელიძემ. "თავისუფალ დემოკრატების" წარმომადგენლებს პარლამენტში 3 კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავიათ. ვიცე-სპიკერის პოსტს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ზურაბ აბაშიძე იკავებს. "თავისუფალმა დემოკრატებმა" გასულ კვირას უმრავლესობიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს.
Print