ახალი ამბები
მაია ფანჯიკიძე - მივესალები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას
ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო უწყების ხელმძღვანელად თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას. ფანჯიკიძის თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ მისი ყოფილი მოადგილე ბერუჩაშვილი იყო და, შესაბამისად, მისი დანიშვნა არ გაჰკვირვებია. ფანჯიკიძე გამოეხმაურა ბერუჩაშვილის გადაწყვეტილებას საგარეო უწყების ჯერ დატოვების, თუმცა, რამდენიმე საათში დაბრუნების თაობაზე და განაცხადა, რომ მისთვის ეს გასაკვირი იყო. "გადადგომის შემდეგ მეორე დილას მან დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა პრემიერთან შეხვედრა, ვრცელი საუბარი და რჩება თანამდებობაზე. მე ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონია, თუმცა ნამდვილად გამიკვირდა მისი ზარი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. ექსმინისტრის თქმით, მას არც ერთი თანამშრომლისთვის სამსახურის დატოვება არ უთხოვია. "არავითარ შემთხვევაში, ეს ასე არ მომხდარა. ერთადერთი, ვისთანაც ამის შესახებ საუბარი მქონდა, იყო დავით ზალკალიანი, ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ალასანია, რადგან ვარჩევდით ამ ამბავს. მეტი არავისთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. მე მგონი არავინ ელოდა, რომ გადადგომის გარდა სხვა ნაბიჯს გადავდგამდი. ირაკლი ალასანია მოხსნეს თანამდებობიდან, მეორე დილას თანამშრომლებს გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და არც ერთი სიტყვით არავისთვის მითქვამს, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. ყველა იყო თავისუფალი არჩევანში და გააკეთა თავისი არჩევანი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
Print