ახალი ამბები
პეტრო პოროშენკო - კახა ბენდუქიძე იყო და არის დიდი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და ”თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ტვიტერზე" გამოეხმაურა. პეტრო პოროშენკომ მწუხარება გამოთქვა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო და მიუსამძიმრა მის ახლობლებს, ასევე იმ მილიონობით ადამიანს, ვისთვისაც ბენდუქიძე იყო და არის დიდი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც. "ბენდუქიძე უკრაინის დიდი მეგობარი იყო და გულწრფელად განიცდიდა იმას, რაც ჩვენთან ხდება და ცდილობდა ჩვენს დახმარებას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც", - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგალკომ კი გაიხსენა, როგორ უზიარებდა უკრაინის მთავრობას კახა ბენდუქიძე საკუთრ გამოცდილებას საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ. "არასდროს დამავიწყდება მისი ფრაზა - თუ არ დაიწყებთ რეფორმების გატარებას, ხალხი ამ კაბინეტებიდან გამოგიტანთ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა "ფეისბუქზე". კახა ბენდუქიძე გუშინ 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.
Print