ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვა
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით დაიწყება. პრეზიდენტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს და ამით პროცესი დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პარლამენტის სახელით განცხადება გააკეთოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ამაზე შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელებენ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, პარლამენტის წინაშე ნებისმიერი, მათ შორის, დებატების ფორმატით წარსდგეს. "პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, დებატებზეც თანახმაა, თუმცა ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
Print