ახალი ამბები
ჯორჯ სოროსი გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
ჯორჯ სოროსი გუშინ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, დღეს კი ფონდის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრება. "უკვე რამდენიმე თვეა ფონდი ინტენსიურად გეგმავს საიუბილეო ღონისძიებებს. პირველი ასეთი ღონისძიება, ბათუმის მედიაკონფერენცია, სექტემბერში ჩატარდა. ნოემბერში გრძელდება საიუბილეო ღონისძიებები, სადაც ფონდი სხვადასხვა სფეროში თავისი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს. ნოემბერში, საიუბილეო ღონისძიებების დასკვნით კვირაში მონაწილეობის მისაღებად ფონდმა "ღია საზოგადოების ფონდების" დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, "ღია საზოგადოების ფონდების" წარმომადგენლები და სხვა უცხოელი სტუმრები მოიწვია", - აცხადებენ ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში".ამასთან, ფინანსისტი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი საქართველოში 2012 წლის 1-2 დეკემბერს ორდღიანი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ სოროსი შეხვდა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ხელმძღვანელობას- აღმასრულებელ საბჭოს და დირექტორს. გარდა ამისა, არსებულ პოლიტიკური რეალობაზე სასაუბროდ, ჯორჯ სოროსი შეხვდა იმდროინდელ პოლიტიკურ ლიდერებს - ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
Print