ახალი ამბები
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 2015 წელს 5 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს გუშინ გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ" ე.წ. შეთანხმების რეალიზაციისთვის, 2015 წელს 5 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთისთვის რუსული დახმარება წინა წლებთან შედარებით გაორმაგდება. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, 2009-2013 წლებში რუსულმა საბიუჯეტო ინვესტიციებმა აფხაზეთში 11 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. ასევე რუსული დახმარების ფარგლებში, აფხაზეთში 160-ზე მეტი ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა. "დაგეგმილია ახალი ამოცანები და გრძელვადიანი ორიენტირები. ისინი სერიოზული დაფინანსებით არის გამყარებული. 2015 წელს მიზნად არის დასახული აფხაზეთისთვის 5 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფა", - განაცხადა პუტინმა. რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და ამ შეთანხმების ხელმოწერით აფხაზეთი ახალ ფაზაში გადადის. როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, შეთანხმების ხელმწერის შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს. "იტარ-ტასის" ცნობით, შეთანხმება 10 წლის ვადით გაფორმდა მისი ხუთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. შეთანხმებაში "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება"; "საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის", "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის" შექმნა, აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ.
Print