ახალი ამბები
ლატვიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ლატვიის ელჩი საქართველოში და საქართველოს ელჩი ლატვიაში, პრეზიდენტის მრჩევლები და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყება. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის დასრულებითანავე გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარეთან. ანდრის ბეზინში გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. გარდა ამისა, ლატვიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნესფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სამინისტროებთან. 27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ანდრის ბერზინში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ასევე დაესწრება ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას და ბიზნესფორუმის ფარგლებში - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას. ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს.
Print