ახალი ამბები
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ბილეთების პრეზენტაცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ აკადემიაში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაცია საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის მსმენელებისთვის გაიმართა. ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი 3D ბილეთების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იმ ლექტორებმაც მიიღეს, რომლებიც საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის მსმენელებს საგზაო მოძრაობის წესებს ასწავლიან. "მართვის მოწმობის მიღების მსურველები ახალი ბილეთებით თეორიულ გამოცდას მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან ჩააბარებენ. ახალ ტესტებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. ბილეთების აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა. ასევე გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა", - განაცხადეს სამინისტროში. მათივე განცხადებით, ელექტრონული ტესტირებისას, მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან ნახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ახალი ბილეთებით გამოცდის ჩაბარება ქართულ, ოსურ, აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და სომხურ ენებზეა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს განახლებული ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - sagency.ge-ზე შეუძლიათ.
Print