ახალი ამბები
პარლამენტი დღეს ფარული მოსმენების "გასაღებზე" მსჯელობას განაგრძობს
ამავე საკითხზე ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაც გაიმართება. დებატები პირველი მოსმენით მიმდინარეობს. დღეს ჩატარდება კენჭისყრა, რომლის შედეგადაც გამოვლინდება, რომელ პროექტს ამტკიცებს საბოლოოდ პარლამენტი. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მსჯელობა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის გარშემო მიმდინარეობდა. დებატები ხმაურიანი იყო. კრიტიკული განცხადებები უმცირესობის წევრების გარდა, უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდანაც გაკეთდა. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი ფარულ მოსმენებზე წვდომის ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. რაც შეეხება ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წინადადებით გამოდის, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კი, პროცესზე მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტი იქნება. პარლამენტის სხდომა ამ თემით 11:00 საათზე განახლდება.
Print