ახალი ამბები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციებისთვის მზად არის
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ვეტოდაძლეულ და პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამომავლოდ კონსულტაციების გამართვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აკეთებს. „რომ არ შექმნილიყო გარკვეული პრობლემები და გარკვეული სამართლებრივი პრობლემები ლეგალური თვალსაზრისით, პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს რეგულაციები რომელიც ამ კანონში არის სხვა მიმართულებით, თუნდაც უფრო პროგრესულია ვიდრე მანამდე არსებული კანონმდებლობა, ანუ გარკვეულ პროგრესს ის მაინც მოიტანს. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციები გავმართოთ საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან“, - განმარტავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია. ამ ეტაპზე არ არის გარკვეული ვისთან და როდიდან გაიმართება კონსულტაციები. პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი გუშინ მოაწერა. ამის შემდეგ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ კანონი უკვე ძალაში შევიდა. ამ კანონით ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. უწყებას დაუკანონდა კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილება. ორ გასღებიან სისტემაში, მეორე ე.წ. "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება
Print