ახალი ამბები
დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
"ექსპო-ჯორჯიაში" დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის სლოგანია -"0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა, 0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა, 0 აივ - ასოცირებული დისკრიმინაცია". ღონისძიებას შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მართავს. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ასევე, გაეროს შიდსის თემატური ჯგუფის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და დარგის ექსპერტები. 1-ელი დეკემბერი 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში 2014 წლის 26 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 4640 შემთხვევა, 3409 - მამაკაცი, 1232 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 2122 პაციენტი, მათგან 45 - ბავშვია. მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2014 წელს დაიწყო გაეროს შიდსის პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი კამპანია: "90 – 90 -90 "
Print