ახალი ამბები
ლარი ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს შორისაა
ქართული ლარის ანალოგიურად, დოლართან და ევროსთან მიმართებაში ჩვენი მეზობელი თუ მეგობარი ქვეყნების ეროვნული ვალუტებიც გაუფასურდა. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ უკრაინული გრივნა და რუსული რუბლი დაეცა. ერთადერთია აზერბაიჯანული მანათი, რომელიც არათუ გაუფასურდა, არამედ ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა კიდეც. ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ვალუტის კურსი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა. 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 1,842, ერთი ევრო კი - 2,296 ლარამდე დაეცა. 2010 წლის 10 ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ასეთ მძიმე დღეში არ ყოფილა. ეს ის პერიოდია, როდესაც დოლარის ღირებულებამ 1,88 ლარს გადააბიჯა. 2011 წლის თებერვალში, ლარის კურსმა ”ფსიქოლოგიურ ზღვარს” კიდევ ერთხელ მიაღწია. მას შემდეგ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო და დღემდე 1,8-ის ნიშნული არ გადაულახავს. საერთოდ კი, ეს არის ყველაზე მაღალი კურსი 2010 წლის 23 სექტემბრის შემდეგ. 2013 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება ისევ დაიწყო, თუმცა სებ-მა პოცესი 1,79-ის მიდამოებში დაამუხრუჭა. შარშან ეროვნული ვალუტის დაცემა ეკონომიკის უკუსვლას დაბრალდა. წელს ეკონომიკა სტატისტიკურად წინ მიიწევს, თუმცა ეროვნულ ბანკში ლარის ვარდნას ისევ ამ ფაქტორით ხსნიან. რაც შეეხება ბოლო ერთ წელს, ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 8,2%-ით დაეცა. 2003 წლის 29 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 1,69 ლარი ღირდა, 2014 წელს ნოემბრის ბოლოს კი 1,83 ლარი (გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა). დოლარისგან განსხვავებით ლარი მცირედით, მაგრამ მაინც გამყარდა ევროსთან მიმართებაში. თუ ერთი წლის წინ ერთი ევრო 2,3 ლარი ღირდა, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს ერთი ევრო 2,28 ლარი ღირდა, ანუ ლარი ევროსთან მიმართებაში 0,8%-ით გამყარდა.
Print