ახალი ამბები
საქართველოს დღეს ჯეიმს აპატურაი ეწვევა
ვიზიტის ფარგლებში დეტალური განხილვა გაიმართება იმ შესაძლებლობებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ, რაც საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული. ბერუჩაშვილმა მედიასთან საუბრისას ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგებიც შეაჯამა. "დღის წესრიგი არის კონცენტრირებული საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე. პირველ რიგში ეს არის ნატოს პაკეტის ამოქმედება და ყველა იმ ფორმატის გამოყენება, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს. ამის თაობაზე იყო შეხვედრა ბატონ აპატურაისთან, რომელიც თბილისში მოემგზავრება. იქნება ინტენსიური შეხვედრები ყველა დონეზე. გაიმართება დეტალური განხილვა იმ შესაძლებლობებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ, რაც აქვს საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბერუჩაშვილმა. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორც ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე მზადყოფნა, რაც შეიძლება დროულად განხორციელდეს ყველა შემოთავაზებული ახალი შესაძლებლობა. "ასევე დაფიქსირდა მზადყოფნა წევრი ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს მმართველი ჯგუფის მრჩეველთა საბჭო თავდაცვის სამინისტროში. ამის თაობაზე წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს უკვე განაცხადი გაკეთებული და პრიორიტეტული სფეროები თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს ის კალენდარი, რომელიც 2015 წელს უნდა განხორციელდეს. "ეს იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩატარდეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება.
Print