ახალი ამბები
რკინიგზის თანამშრომელთა 8-დღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა
საქართველოს რკინიგზაში თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს. რვადღიანი საპროტესტო აქცია მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმება ითვალისწინებს 2015 წლიდან ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებას, რომელიც გულისხმობს ყველა თანამშრომლისთვის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და სტაჟის მიხედვით ანაზღაურების პერიოდულ ზრდას. თანამშრომლებისთვის იქნება საახალწლო პრემია ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ახალი სისტემა ითვალისწინებს დასაქმებულ თანამშრომელთა ატესტაციის გზით მათი ხელფასის მატებას, თუმცა ატესტაციის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია მინიმალური ხელფასის შენარჩუნება. შეთანხმების დეტალები მედიას რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ, პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ გამართეს. მათი თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც გააკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებზე ზეწოლა და მათი შევიწროება. ასევე შეიქმნება კიდევ ერთი კომისია, რომლის მოვალეობაც დავების განხილვა და გადაწყვეტა იქნება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ 8-დღიანი პროტესტი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება.
Print