ახალი ამბები
საბანკო სექტორში ლარის კურსის რყევას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ
ექსპერტები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ლარის კურსის რყევას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, ლარის კურსის რყევის მიზეზი შესაძლოა იყოს სეზონური ფაქტორი და ზოგადად, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. „ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, იქნება თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ასეთივე მდგომარეობაა მათ ვალუტებთან მიმართებით. საერთოდ დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა. ასევე არის სეზონური ფაქტორები - შემცირებულია ტურისტული ნაკადები, ანუ ვალუტის შემოსვლა, მაგრამ დადებითი იქნება ის, რომ წლის ბოლოსთვის ლარზე მოთხოვნილება ყოველთვის იზრდება ახალი წლის მოახლოებასთან ერთად და ეს პირიქით იმოქმედებს,“ - აღნიშნა გვასალიამ. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალმაც ლარის კურსის დაცემა ნაწილობრივ სეზონურ ფაქტორს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა. მისი თქმით, წლის ბოლოს შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დოლარზე მოთხოვნა იზრდება. „მეორე მიზეზი განსაკუთრებული გარემოებაა, ყველასთვის ცნობილია, რაც ხდება უკრაინაში, ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა დოლარზე. საქართველოდან ექსპორტმა ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინაა, დაიწია, მაგრამ ვხედავთ, რომ ტურიზმის მაჩვენებელი იზრდება. ასე რომ, კურსის დაცემის ნაწილობრივი მიზეზი გარე პირობების ცვლილება გახდა,“ - განაცხადა ჰენრი კერალმა. ამ დროისთვის 1 დოლარის ყიდვა შეგიძლიათ 1.86 ლარად. ლარის გაუფასურების მსგავსი მაჩვენებელი არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ლარის ახალი წონასწორობის კურსი დაფიქსირდება.
Print