ახალი ამბები
დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 2015 წლის გაზაფხულზეც დარიგდება
დაუბეგრავი მინიმუმის თანხა – 360 ლარი მოსახლეობას მომავალი წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2 წლიანი მუშაობის შეგებების შეჯამებისას გააკეთა. მისივე ცნობით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმის სახით 459,766 ფიზიკურ პირს 128 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდა და პროცესი კიდევ გრძელდება. საქართველოში დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 2014 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო. დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, 2012 წლის 20 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად გაჩნდა. ამ ინიციატივის არსი შემდეგში მდგომარეობს: ის დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთა ხელფასის წლიური მაქსიმალური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, წლის განმავლობაში ჩვეულებრივად იხდიან 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, საბიუჯეტო წლის ბოლოს კი ისინი საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას, სადაც დააფიქსირებენ, რომ მათი წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება და მოითხოვენ დაბეგრილი თანხის ნაწილის უკან მიღებას. დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მათ სახელმწიფო უბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი [საარსებო მინიმუმის ოდენობა], წლიური 1800 ლარი) 20%-ს, ანუ 360 ლარს. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, პირს მის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა უბრუნდება „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 3 თვის განმავლობაში. საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა 2 003,9 ათას ადამიანს შეადგენდა. მათგან დასაქმებულად 1 712,1 ათასი ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმებულთა 61,3% თვითადასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებოდა და ეს ადამიანები დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულ სამუშაო ძალას, ისინი დასაქმებულთა რაოდენობის 38,7%-ს, შესაბამისად, დაახლოებით 662,600-ს შეადგენდნენ.
Print